დღეს პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს | მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში პროტესტის ფონზე შედიან

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მის მიერ წარდგენილ მინიტრობის კანდიდატებს ნდობა უნდა გამოუცხადონ.

მინისტრობის კანდიდატებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ.

პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც  ფერადი კვამლი გაუშვეს, ამასთანავე,  მიიტანეს ბუშტები და კომისიების შემაჯამებელი ოქმების პლაკატები, წარწერით, რომ არჩევნები გაყალბდა.

ისინი პოლიტიკოსებს ბანერებითა და შეძახილით: „მონა!“ აცილებენ საკანონმდებლო ორგანოში.

„ეს არის კომუნისტური პარტია, ოქმების გაყალბების შედეგად მოსული მთავრობა; დღეს ერთპარტიული პარლამენტი ირჩევს ბიძინა ივანიშვილის ჯიბის მთავრობას… სანამ ქართველი ერის პოლიტიკური ნება არჩევნებით არ იქნება გამოხატული, მანამდე არ გავჩერდებით“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

აქტივისტებმა პარლამენტის მიმდებარედ კიდევ ერთი კარვის გაშლა დააანონსეს. მათივე თქმით, ახალი წლის შემდეგ კარვები განთავსდება შენობის წინაც. ისინი ამბობენ, რომ როგორც კი ეპიდსიტუაცია შექმნის შესაძლებლობას, ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყება.

რიგგარეშე პლენარული სესია 12:00-ზე დაიწყება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი გახარიას სამთავრობო შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

პარლამენტს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 60 დეპუტატი. ისინი ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამ შემადგენლობით პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებენ.