დღეს რაკეტების უმრავლესობა ჩამოვაგდეთ, ვმუშაობთ ენერგომომარაგების აღდგენაზე - ზელენსკი

პუბლიკა

დღეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, შუადღისას შავი ზღვის ფლოტისა და სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლა. თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 60 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

რუსული რაკეტების სამიზნე ისევ ენერგოობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებს, ენერგეტიკის სფეროს მუშაკებსა და ჩვენს ხალხს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები კი უკვე მუშაობენ დაზიანებული ენერგომომარაგების აღსადგენად. ჩვენი ხალხი არასდროს დანებდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის საჰერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები –  Х-101/Х-555 და მოძველებული X-22 გამოიყენა. ასევე შავი ზღვის ფლოტიდან ისროლეს „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტები და სხვ.