დღეს რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკულ ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას - ზელენსკი

პუბლიკა

დღეს დილიდან რუსეთის მიერ წამოწყებულ სარაკეტო იერიშებს კიევიდან სპეციალური ვიდეომიმართვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, რუსების მიზანი ენერგეტიკული ობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაა, მსხვერპლისა და პანიკის გამოსაწვევად. ამიტომ პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თავშესაფრებში დარჩნენ.

„დილა რთულია, საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ:

ენერგეტიკული ობიექტები – მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის რეგიონი და ხმელნიცკის ოლქი, ლვივი და დნიპრო, ვინიცა, ფრანკივის ოლქი, ზაპორიჟია, სუმის რეგიონი, ხარკივის ოლქი, ჟიტომირის რეგიონი, კიროვოჰრადის რეგიონი, სამხრეთი. მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. უიმედოები არიან.

მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი სამიზნეები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეყენებინათ ჩვენთვის. დარჩით დღეს თავშესაფრებში. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების წესები და გახსოვდეთ მუდამ: უკრაინა არსებობდა ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უკვე 75 რაკეტა ისროლა, აქედან 41 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს დილიდან სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში მიიტანა უკრაინაზე. არსებული მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 8 ადამიანი.

აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, დნიპროში, ჟიტომირში, ლვივში, ვინიცაში, მიკოლაივში, ხარკივისა და სუმის ოლქებსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. BBC-ის ცნობით, ლვივისა და ხარკივის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.