დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე გაიმართება

პუბლიკა

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სტუდენტების განცხადებით, დღეს, 9 მარტს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

ოპოზიცია პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის გაწვევაზე „ოცნების“ გადაწყვეტილებას უნდობლობას უცხადებს და მმართველი პარტიას მოუწოდებენ პროცედურულად ბოლომდე გააფორმონ მათი გადაწყვეტილება.

„დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ აქვს ნდობა, რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას: ერთი მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ, გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი, მათ აქვთ სახელი გატეხილი და, მეორე მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ჩვენ იქ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით.

ეს ხალხი არის დაჭერილი, სანამ ეს ადამიანები არ გამოვლენ გარეთ, არ იქნებიან გამოსული, თავისუფალი, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად. დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ვიამაყოთ ერთმანეთით, ჩვენი გაკეთებულით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ, გადაედგა ეს ნაბიჯი და, გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმისა, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად არ დადგება, აქ არ შეწყდება პროცესები. ეს პროცესები რანაირი და როგორი იქნება, ეტაპ-ეტაპ გავიგებთ. ჩვენც მეტი კომუნიკაცია და საუბარი გვჭირდება, არ ვაპირებთ, რაღაცები მოვიტყუოთ და ვიბაქიბუქოთ, მთავარი არის ვიყოთ გულწრფელები, ვიცოდეთ, რას მივაღწიეთ და რა გვაქვს მისაღწევი”, – თქვა ცოტნე კობერიძემ.

„ჩვენ არ ვენდობით ოცნებას სიტყვებზე, მათ გადაგვაგდეს უკვე რამდენჯერმე, ჩვენი პროტესტი არ შეწყვეტილა. ამას ჩვენ შემდგარ გამარჯვებად ვერ შევაფასებთ, მით უმეტეს არიან დაკავებულები, ზოგიერთის ადგილსამყოფელი არ ვიცით. ყველა მათგანი უნდა იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

„გუშინ ქართველმა ხალხმა პოლიტიკურად უკან დაახევინა „ქართლ ოცნებას“, თუმცა ისინი არიან მატყუარა რუსების გუნდი, რომელმაც არაერთხელ მოგვატყუა“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

დღეს, 9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ. დღეს გავრცელებულ განცხადებაში პარტია წერს, რომ ოცნებამ, მიიღო გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.