დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია არ გაიმართება

პუბლიკა
content image

დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, ისინი გარდაცვლილი ოპერატორის სამოქალაქო პანაშვიდს შეუერთდებიან.

„TV პირველის“ ჟურანლისტის, ინგა გრიგოლიას თქმით, დღეს იქნება ერთადერთი დღე, როცა ის სტუდიაში დაბრუნდება, ხვალიდან კი ბრძოლას გააგრძელებს ქუჩაში.

ორი დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მედიის მიერ ორგანიზებულ აქციას მოქალაქეები და აქტივისტები უერთდებიან. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატირები გარადცვლილი ოპერატორის საქმეში მთავარ პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას აკისრებენ.


„TV პირველის” დაღუპულ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. დილიდან მისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა. კოლეგა ოპერატორებმა ვიდეოკამერების დერეფანი გააკეთეს და ასე გააცილეს ის ბოლო გზაზე.


11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.