დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა- კობახიძე გაფართოების ანაგრიშზე

პუბლიკა

ჩინეთში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშზე. მისი აზრით, დასანანია რომ ხედავენ „ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“.

„ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც“, – ამბობს კობახიძე.

„ოცნების“ პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირში ეს ვითარება შეიცვლება და მომავალში „ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები“, სამართლიანობის პრინციპით იხელმძღვანელებენ.

„თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა. იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს. ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ  ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – თქვა კობახიძემ.

4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში, რომელიც აფასებს კანდიდატი ქვეყნების პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს შემთხვევაში დასკვნა მკვეთრად უარყოფითია. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან „მხოლოდ სახელი დარჩა“. ევროკომისია ასევე წერს, რომ „ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონები „უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“.