დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ პრეზიდენტის კონსტიტუციურ დევნას - სამადაშვილი

პუბლიკა

ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღევანდელი განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის კონსტიტუციური დევნა და შევიწროება დაიწყო.

„დღეს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას იმისთვის, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის, აქ, პარლამენტის წინ მოედანზე; იმისთვის, რომ ის შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტ მიშელს; იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროკავშირში გაწევრების მომავალზე ესაუბრა და იმისთვის, რომ გაბედა და დააფიქსირა უკრაინის მხარდასაჭერი პოზიციები, რომლებიც აცდენილია „ოცნების“ პოზიციებთან და სინქრონიზებულია დასავლეთის პოზიციებთან. ისტორიაში შევა ეს თქვენი განცხადება და რეაქციაც იქნება ადეკვატური და თქვენს წარმატებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არავის არ აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.


პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.