„დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი თავის თავს და ქვეყანას, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო.
„არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს – არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა
კითხვა ისმოდა და ისმის ალბათ თუ რატომ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში როცა ვიცოდით თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, იმის იმედით, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა ამ სწორ გადაწყვეტიელბას, ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას…
მე სადღაც ჩემში მქონდა იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან რომ მათზე არის დამოკიდებული ის საშუალება რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, კონსტიტუციურ წყობას… მე ვთვლიდი, ვიმედოვნებდი რომ სამი ადამიანი მაინც ამ გადაწყვეტიელბას მიიღებდა, გადაწყვეტილებას თავისი სინდისის წინაშე და ქვეყნის წინაშე. შევცდი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა პარლამენტის 30-მა წევრმაც.
დავის საგანი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევა იყო.