დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი 247 რეკრურტმა დადო.
თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში – უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.
სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.
თავისუფლების მოედანზე კოლოფებად წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების ქვედანაყოფები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების კოლოფი. სტუმრები განსაკუთრებით მიესალმნენ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ახლახან დაასრულეს მისია ავღანეთში და სამშობლოში დაბრუნდნენ.
ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, რომელიც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამასახურეებმა შემოიტანეს.
საქართველოს ჰიმნი ნატო მეტონიძემ ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა. ამის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
წლევანდელ 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებში ახლადგაწევრიანებული სამხედროები სიახლით შეხვდებიან – პირველად ფიცის დადების შემდეგ ისინი ერთხმად წარმოთქვამენ ჯარისკაცის მრწამსს. ღონისძიების დასასრულს ანსამბლების „რუსთავისა“ და „ბასიანის“ მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების ფონზე თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ და საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ ასევე, ქუთაისისა და ბათუმის ცაზე და მოსახლეობას ეროვნულ დღესასწაულს აქაც საქართველოს დროშის – წითელ და თეთრ ფერებში ბოლის გაშვებით მიულოცავენ.
თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილია სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები – „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“.
აქვე გამოფენილია ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები – „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები – „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.