„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“, – ასე გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოს პარლამენტში რუსული კანონპროექტების განხილვას.
საელჩოს განცხადებით, კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციასთან.
„პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა.
მმართველმა პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება, დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რუსული კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების გარეშე დაიწყეს.