დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა

პუბლიკა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ.

„დღესვე სერჟანტთა აკადემიის სახელით გიორგი ანწუხელიძის საფლავზე მემორიალური ქვა დაიდგა. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ეროვნული გმირის ოჯახს სიმბოლური საჩუქარი – IV ქვეითი ბრიგადის საპატიო დაფა წარწერით „მადლობა თქვენი სამსახურისა და გაწეული ღვაწლისთვის“ გადასცეს.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია“, – ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.