დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

პუბლიკა

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“ 2020 წლის სლოგანია – შიდსის ცენტრი ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ”, – წერია განცხადებაში.

შიდსის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, გაიკეთონ ტესტირება აივ ინფექციაზე და იცოდნენ საკუთარი სტატუსი – „დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია”.

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8 598 აივ ინფიცირებული პირი, 6 422 – მამაკაცი, 2 176 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1 781 გარდაიცვალა.

30 ნოემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5 379 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

  • 36.3 % – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
  • 49.2 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 12.2 % – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
  • 1.3 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5 % – სისხლის რეციპიენტია;
  • 0.6 % – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია: თბილისში (3216 შემთხვევა); სამეგრელოში 1172; იმერეთში 1026; აჭარაში 980; აფხაზეთში (530); კახეთში (431); ქვემო ქართლში (489); შიდა ქართლში (319); გურიაში (183); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

„უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელმა მიაღწია სტაბილურ ნიშნულს და ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, მიმდინარე წელს Covid -19 პანდემიის შედეგად შემცირდა რა აივ ტესტირების მსურველთა რაოდენობა, ამ ფაქტმა, შესაბამისად, გამოიწვია გამოვლენის მაჩვენებლის შეცირებაც”, – აცხადებენ ცენტრში.