დღეს, თბილისში, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

პუბლიკა

უწყვეტი პროტესტი, თბილისში 14 დეკემბერს 21:00 საათზე, პარლამენტის წინ, სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდება უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.

ეს საპროტესტო კამპანია  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში 13-14-15 დეკემბერს გაიმართება და მიმართულია რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების წინააღმდეგ.

საუბარია რუსეთის მიერ მცირე კომერციული დრონების გამოყენებას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობაზე სანადიროდ.

“ეს ტაქტიკა, რომელიც დოკუმენტირებულია გაეროს და Human Rights Watch-ის მიერ, წარმოადგენს სამოქალაქო ტიპის დრონების პირველ დადასტურებულ გამოყენებას ახლო მანძილიდან თვალთვალისთვის და ადამიანთა მოსაკლავად.

გაერომ დაადასტურა, რომ რუსეთის დრონების კამპანია წარმოადგენს ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ეს თავდასხმები ხელყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გლობალურ ნორმებს.

დრონებით თავდასხმები ხერსონში ფართო ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის გამომწვევია, რომელიც ხორციელება რუსეთის მიერ არტილერიის, რაკეტების და სხვა იარაღის გამოყენებით უწყვეტი თავდასხმებით. სახლები, ინფრასტრუქტურა და აუცილებელი სერვისები არაერთხელ დაზიანდა ან განადგურდა, რაც მშვიდობიან მოსახლეობას მუდმივი საფრთხის ქვეშ აყენებს.

ეს საკითხი უკრაინის ფარგლებს სცდება. იაფი კომერციული დრონების იარაღად გამოყენება ომის ისეთ ფორმას ნერგავს, რომლის რეპლიკაციაც ნებისმიერ სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორს შეუძლია დაბალ ფასად.

სამოქალაქო გამოყენებისთვის შექმნილი დრონები, მათ შორის ფოტოგრაფიისთვის, სოფლის მეურნეობისა და საგანგებო სიტუაციებისთვის, შეიძლება ადაპტირებული იყოს ურბანულ რაიონებში დაბალ სიმაღლეზე ფრენისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის რეალურ დროში გადაღებისთვის და ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩასაგდებად.

რუსული და არაიდენტიფიცირებული დრონების მიერ გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები ხაზს უსვამს გლობალური ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.

აქციის მოთხოვნებია:

(გაეროს რეკომენდაციების საფუძველზე, გაფართოებული საერთაშორისო ქმედებებისთვის):
— რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის დრონებით თავდასხმა.
— პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართალი უნდა წარედგინოთ.
— სახელმწიფოებმა უკრაინას სამოქალაქო დაცვის ზომებითა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით უნდა დაუჭირონ მხარი.
— გაერომ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააძლიერონ სამართლებრივი ჩარჩოები მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებით თავდასხმების თავიდან ასაცილებლად”. – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.