უკვე რამდენიმე დღეა „წყალი მარგებლის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების თანამშრომლები გაფიცული არიან. ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ენგადის“ მძღოლები და დისტრიბუტორები, ასევე „ნაბეღლავის“ თანამშრომლები დღეს დილიდან ჰოლდინგის სათავო ოფისთან შეიკრიბნენ და პროტესტს აგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
დასაქმებულები დღეს ელოდებიან კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ, კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესს დაესწროს გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლებიც.
დასაქმებულების პროტესტს შეუერთდნენ რეგიონის ოფისის თანამშრომლებიც.
„მეექვსე დღეა გაფიცულები ვართ. გაფიცულია ქუთაისის და გურიის ქარხნებიც. პასუხს ველოდებით მოლაპარაკებაზე – რა როგორ იქნება. იმედია, გამოვლენ ამ მოლაპარაკებაზე დღეს. ხელფასების მომატებასთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასვენებების განრიგი და შვებულების თემა“, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა „TV პირველთან“.
პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამინისტროდან მედიატორის დანიშვნას ელოდებიან და სავარაუდოდ, დღის ბოლოს მოლაპარაკების ფორმატის უზრუნველსაყოფად დაინიშნება მედიატორი.
როგორც „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული, რაც შედის როგორც დასაქმებულთა, ასევე კომპანიათა ინტერესებში.
„ამ ეტაპზე ხელმძღვანელებთან ერთად პროცესში ჩართული არიან, როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები, რათა პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. პარალელურად, ორივე კომპანიაში, მართალია შეფერხებებით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.