ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, გურამ როგავამ „რუსთავი 2“ დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას მან სოციალური ქსელით ამცნო.
„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, – ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი“, – დაწერა მან.
როგავამ მადლობა გადაუხადა ტელეკომპანიას, თანამშრომლებსა და მაყურებელს, რომელსაც ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ ვერ დააბრუნა გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“, „რომლის ამბიციაც იყო, ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით.“
18 ივლისს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგავამ „რუსთავი 2“ დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია თავად როგავამ უარყო.
მაშინ გურამ როგავას არხიდან წასვლის შესახებ ვარაუდის საფუძველი 5 ივლისის მოვლენებზე მისი პოზიცია გახდა.
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 12 ივლისს, მან პირდაპირ ეთერში მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება, დადიოდა საპროტესტო აქციებზე და სოციალურ ქსელში დაუფარავად აკრიტიკებდა პრემიერს.
„რუსთავი 2-ზე“ პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი 21 ივლისის შემდეგ ვაკო ავალიანია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პირველად პრემიერობისას თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.