საგარეო საქმეთა სამინისტრო ყახაზეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქუთაისი-ნურ-სულთანის ავიარეისით დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება.
„ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
„ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე, ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.