„დღეს ზეიმი არ გაიმართება" — კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთება გადაიფიქრა

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთება გადაიფიქრა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია აღარ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას”. – თქვა კახა კალაძემ სპეციალურად დანიშნულ ბრიფინგზე.

მან ასევე „მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომლებიც თბილისის საკრებულოსთან ბავშვებთან ერთად შეიკრიბა, დაიშალონ”.

რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც 28 ნოემბრიდან ათასობით მოქალაქე აპროტესტებს „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია, საახალწლო ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავდა. საპროტესტო აქციები „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე არაერთხე დაშალა ძალადობით.

დღეს რუსთაველზე, პარლამენტთან, სადაც „ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილი „არჩევნებში’ პრეზიდენტად დანიშნა, მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ. აქ დემონსტრანტების რაოდენობა მატულობს.

“მონებო! რუსებო!”, – სკანდირებენ მოქალაქეები.

რუსთაველის გამზირზე მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „პროვოკაცია არ იქნება”. – თქვა მან.

პოლიციასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მივიდა 100-დან 200-მდე ადამიანი, რომლებიც ვაკიდან დაიძრნენ, დეკანოზ შალვა კეკელიას მოწოდების შემდეგ.