უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 8 დეკემბერს, ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება.
BBC-ის ცნობით, ისინი განიხილავენ იმ სამშვიდობო გეგმას, რომლის მიზანიც არის ომის დასრულება უკრაინაში და რომლის სამუშაო ვარიანტიც გასულ კვირას ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დროს შემუშავდა.
გუშინ, 7 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის წარმომადგენლებს მოსწონთ უახლესი გეგმა. თუმცა დასძინა:
„უნდა ვთქვა, რომ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ – პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო რამდენიმე საათის წინ“.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ზოგიერთი საკითხი მხოლოდ პირად კომუნიკაციაში უნდა განიხილონ.
მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ზელენსკის ახალ მთავარ მომლაპარაკებელ რუსტემ უმაროვს შორის მაიამიში 6-7 დეკემბერს გაიმართა.
უმეროვმა X-ზე დაწერა, რომ „უკრაინული გუნდის მთავარი ამოცანა იყო ამერიკული მხარისგან მოსკოვში გამართული საუბრისა და მიმდინარე წინადადებების ყველა პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება, რათა ისინი უკრაინის პრეზიდენტთან დეტალურად განეხილათ“.
„ყველა პარტნიორთან ერთად ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ ეს ომი ღირსეულად დავასრულოთ. ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია სრულად მიეწოდა“. – თქვა მან.
აშშ-ში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსტემ უმეროვი და უკრაინის დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, ანდრეი გნატოვი ევროპაში მიემგზავრებიან, სადაც ისინი პრეზიდენტს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებებისას.
ამავე დროს, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, გორდინ სანდლანდმა თქვა, რომ ტრამპი ევროპას აფრთხილებს, აიღოს პასუხისმგებლობა რუსეთთან მიმართებაში.
„აშშ-ს შეუძლია მხარდაჭერა, მაგრამ სინამდვილეში ევროპაა ის, ვინც წინა პლანზე უნდა იყოს და სწორედ ამას ამბობს დონალდ ტრამპი. მას ესმის, რომ თუ ჩვენ ჩვეულებრივად წარვმართავთ საქმიან ურთიერთობებს რუსეთთან ისე, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით, სწორედ შეერთებული შტატები დაიწყებს პირდაპირ კავშირს რუსეთთან, შეეცდება ამ საკითხის მოგვარებას და პუტინის მიმართ ყველა საჭირო მუქარას წამოაყენებს, რათა მან უკან დაიხიოს. და თუ ის ჩვენს მოთხოვნებს არ დაეთანხმებოდა, ჩვენ აღმოვჩნდებოდით კონფლიქტში და ევროპა დააკვირდებოდა. ამჯერად ტრამპს ეს არ სურს“. – განუცხადა მან BBC Radio 4-ს.
პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დასახლებულ ტერიტორიებზე თავდასხმას. წუხელ რუსულმა დრონებმა დაბომბეს უკრაინის სუმის რეგიონი. დაშავებულია, სულ მცირე, 7 ადამიანი.