ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიასთან თქვა, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე 7 უკანონო დაკავების ფაქტი მოხდა. წინა შეხვედრა ერგნეთში 21 ივლისს გაიმართა.
„უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით წლის სტატისტიკა ამგვარია – პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 23 უკანონო დაკავების შემთხვევა და დღესდღეობით გვყავს 11 უკანონო დაკავებული. საანგარიშო პერიოდს რაც შეეხება (ვგულისხმობ წინა შეხვედრიდან დღემდე), შვიდ უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი… ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საანგარიშო პერიოდში აღინიშნა უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტი“, – თქვა ანთაძემ.
მედიასთან ანთაძემ ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება შაბათს, სოფელ თამარაშენიდან ოკუპანტების მიერ გატაცებულ 4 არასრულწლოვანზე. სუს-ის ცნობით, ბავშვები იმავე დღეს დაბრუნდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„რასაკვირველია, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ამ ინციდენტსაც. მთავარია, რომ არასრულწლოვანები სახლში იმყოფებიან… საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფლის მიმდებარედ სეირნობდნენ ბავშვები, როდესაც დააკავეს. დეტალები საინტერესოა, მოვისმინოთ თავად იმ მხარისგან, რომელმაც ჩაიდინა ამგვარი ქმედება და სავარაუდოდ, მეტი დეტალების გაზიარების შესაძლებლობა შეხვედრის დამთავრების შემდეგ მექნება“, – თქვა ანთაძემ.