დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს - ტიკარაძე

პუბლიკა

„ჩვენ მოდელირებები გავაკეთეთ წინა პერიოდში და დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

„არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტიანი, უფრო საჭირო ან უფრო გონივრული და დროული. ვიტყვი შემდეგს, რომ ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია. ეს არ იქნება 80 და 90%-იანი ეფექტი, თუმცა შეიძლება იყოს დაახლოებით, 20%-იანი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე.

გუშინ გამოცხადებული ყველა რეგულაცია არის მნიშვნელოვანი, რომ აღსრულდეს ზედმიწევნითი სიზუსტით, რომელიც დადგენილებაში იქნება გაწერილი. ჩემი დასავლური პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვაწყდები ხოლმე, თუ რა არის ეფექტიანი და რა არ არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმა ეფექტიანი არ არის, სწორედ ამიტომ ხშირად ვიყენებ სიტყვებს „კეთილსინდისიერება“ და „კეთილგონიერება“, რომელიც არც ერთ წიგნში წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ თავს და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.