დღესდღეობით მობილიზებული რესურსით, შეგვიძლია ყოველდღიურად 17 ათასი მოქალაქის აცრა - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართულები. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს 281 ამცრელთა ბრიგადა. თითოეული ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი, 8-საათიანი გრაფიკით. მინისტრის თქმით, წინა კვირაში არაერთი სამუშაო შეხვედრისას კლინიკების მხრიდან მოისმინეს, რომ მათ აქვთ მზადყოფნა და ასევე შესაძლებლობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა, როგორც ბრიგადების, ასევე შესაბამისი საათების დამატებით.

„იმ რესურსით, რაც ამ ეტაპზე საქართველოშია მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 ათასი მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ყოველ თვე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუწყოთ ვაქცინაციაში ხელი. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც, სამწუხაროდ, კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა ჩვენს მოქალაქეებს აქვს ნაკლები და სწორედ ამ მომენტში ჩვენ შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას უკვე სხვა ფორმატში. მსგავსი ერთი მაგალითი საქართველოში უკვე გვაქვს, კერძოდ, თბილისში, „ჰუალინგის“ ცენტრში. კიდევ ერთ-ერთი არის თავისი რეგიონული ხელმისაწვდომობიდან იდენტიფიცირებული „ლილოს“ რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით, სადაც ასევე იგეგმება, შედარებით მცირე ზომის ცენტრის გახსნა თუმცა მივიჩნევთ, რომ იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რაც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ამ საკითხების ირგვლივ ისაუბრებენ კლინიკების წარმომადგენლებთან, რათა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ შეექმნათ.

„გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. უკვე ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება პროცესში. სახელმწიფო რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზაობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რაც კლინიკებს, შესაძლოა, ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.