დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
მისივე თქმით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კლასტერული გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა და ყველა მათგანი ხალხმრავალ შეკრებებთან არის კავშირში. დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელიც.
ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესის ტემპის გააქტიურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისთვის დღეში 1000 მეტი ვაქცინა კეთდება საქართელოში რაც საკმარისი არაა.
„ბოლო ორი კვირაა, ოცი დღის განმავლობაში შეიმჩნევა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა. ამ დინამიკას ნახტომისებული სახე არ აქვს. ნელ-ნელა იმატებს ეპიდსიტუაციის საზომი ყველა მაჩვენებელი: ახალი შემთხვევების რაოდენობა ასი ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი უკვე 20 დღეა, ერთზე მეტია. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირაა, ასცდა ორს.
მთავარია, მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი. ბოლო მონაცემით, 51%-ია. ეს ცოტაა და უნდა ავიდეთ, საუკეთესო შემთხვევაში, 90%-ზე, რომ ვიყოთ მშვიდად. მეორე საკითხია დისტანცია და ჰიგიენური პირობები.
გვაქვს კლასტერული გავრცელება რამდენიმე ადგილზე, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში. ყველა ეს შემთხვევა დაიწყო ისევ და ისევ დიდი თავშეყრებიდან. დაკავშირებული ქორწილებსა და ქელეხებთან.
მნიშვნელოვანია, ინტენსიური გავხადოთ ვაქცინაციის პროცესი. დღეს დილისთვის აცრილია 11 603 ადამიანი. ანუ დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა. ჩავარდნა იყო ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ. ყოველდღიურად 1000-ზე ცოტა მეტია, მაგრამ ეს ცოტაა. ამ ეტაპზე გვჭირდება, მინიმუმ, 3000 აცრა დღეში. ახლა ვაქცინა სამყოფია – არის ასტრაზენეკა, არის ფაიზერი და ახლა შემოგვემატა „სინოფარმი“.
დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო. დაემატა ორგანოგადანერგილთა და დიალიზზე მყოფთა ჯგუფები.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.