საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ, საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ვასილ მაღლაფერიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა.
ირინა ფუტკარაძის თქმით, საქართველოს პირველი არხის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსდება.
„ბუნებრივია სამეურვეო საბჭომ მოისმინა ეს განცხადება და ცნობად მიიღო. ჩვენ დღესვე ბატონი ვასილის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ავირჩიეთ დროებით და დღესვე გამოვაცხადეთ კონკურსი. ეს იყო ჩემი ინიციატივა, რომ გამოცხადებულიყო კონკურსი, რადგან იცით, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებია, ეს კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და, მინიმუმ, თვე-ნახევარს მაინც მოიცავს, ამიტომ დღესვე გამოცხადდა კონკურსი ახალი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ და დღესვე დაიდება ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.
მისივე თქმით, ვასილ მაღლაფერიძის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მუდამ იყო კითხვები, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გონივრული იყო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო და დღესაც არის ძალიან ბევრი შეკითხვა. ეს თემა აქტუალური იყო და არის და იქნებოდა ხვალაც. იმიტომ, რომ ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ ვასილ მაღლაფერიძე იყო აფილირებული „ოცნებასთან“ და არა მარტო, სხვადასხვა პირთან. ეს ყოველთვის სდევდა ამ პიროვნებას“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე ვასილ მაღლაფერიძემ საბჭოს წევრებს დაუდასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
დღეს საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
„მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობას” – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩიეს.