ომბუდსმენის აპარატი დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ ლევან იოსელიანის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა ტელეკომპანია ,,ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.
სახალხო დამცველის მოადგილეებმა პარლამენტთან აქციაზე დაკავებულები იზოლატორებში მოინახულეს. ელენე ღუდუშაური ამბობს, რომ დაკავებულების გადაყვანა სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში ქმნის პრობლემებს, რადგან ასე რთულია დაკავებულების პოვნა.
ელენე ღუდუშაურის თქმით, დაკავებულებს იზოლატორში ყოფნისას უფლებადარღვევებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ზოგიერთ აქტივისტს ჰქონდა საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები.
„ვაპირებთ, რომ დღეს საღამოსაც აქციას მონიტორინგი გავუწიოთ. დაკავებების შემთხვევაში აქტიურ რეჟიმში ვიქნებით მონახულების მხრივ. გუშინ მთელი ღამე ვიყავით თელავში და ვნახეთ ყველა დაკავებული“,- განაცხადა ელენე ღუდუშაურმა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კი, გუშინ პარლამენტთან ბანერების გამო დაკავებებს განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, დაუშვებელია „სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით“ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, ემოქმედა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და დაეცვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
გუშინ, საღამოს პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე დააკავეს. შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას დღესაც გეგმავენ.