ინფექციონიტმა მაია ბუწაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებლები განგაშის საფუძველს არ იძლევა. თუმცა მისივე თქმით, რადგანაც კორონავირუსის პანდემია სრულიად ახალია, პროგნოზირების მექანიზმები არ არსებობს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.
მაია ბუწაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ისეთი საყოველთაო შეზღუდვების აუცილებლობა, როგორიც გაზაფხულზე იყო, დღეის მდგომარეობით არ ჩანს. ინფექციონისტმა დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიღონ.
მან ასევე არჩევნებთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა.
„არ მგონია, არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მაღალი რისკები იყოს, იმიტომ, რომ იქ კონტაქტი შედარებით მცირეხნიანია. გასაგებია, რომ საარჩევნო უბნებთან რიგებია, მაგრამ შეიძლება ეს მოგვარდეს დისტანცირებითა და პირბადით. ამიტომ თვითონ არჩევნების დღესთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული რისკები არ ჩანს, თუმცა შედარებით სარისკოა წინასაარჩევნო შეხვედრები ბევრ ადამიანთან. ეს შეხვედრები კანდიდატებმა უნდა დაარეგულირონ, რომ ასეც მოხდეს წესების დაცვით და, შესაბამისად, არჩევნები მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის შემცველი არ უნდა იყოს, თუ ელემენტარული სიფრთხილის ზომებს დავიცავთ“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ინფექციონისტის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყება გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა „არა დიდს“, ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული მონიტორინგი.
„ვფიქრობ, რომ, რისკის თვალსაზრისით, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საზღვრების გახსნა, აქაც, რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს და მეტ ქვეყანაში უნდა აღდგეს მიმოსვლა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.