დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია - პრეზიდენტი

პუბლიკა

„დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება მოსახლეობას და მაშასადამე სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი 6 278 მოქალაქე იმსხვერპლა. ნუთუ, ეს ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მედია მიიწვია.

პრეზიდენტმა 1121 წელს მიღწეული გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო დღესაც ომშია, რომელშიც ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს.

„ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაში, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი, ერთად შეკრულნი.

სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზებისა და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან კომფორტში მყოფი ზოგიერთი ვითომც პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს, შეურაცხყოფას აყენებს მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწად-ნახევარია, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას.

დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა.

აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაშია.

ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე  ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება.

ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ. სამედიცინო სფეროს წარმომდგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვინებით  ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელნი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.