დღევანდელი ღამე ქუთაისში გავათიოთ - ვარლამ გოლეთიანი აქციის მონაწილეებს

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისში შეიკრიბნენ. აქციაზე „რიონის ხეობის მცველმა“, აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ დღევანდელი ღამე ქუთაისში გაათიონ.

„გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, ჩვენ უკვე შევძლებთ, ხვალინდელ დღეს გამოვაცხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანების გამოსვლა და მთელი ქვეყნის ბლოკირება. თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ მთელი ქალაქი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს იმას, რაც ხდება დღეს ნამახვანჰესის წინააღმდეგ, მაშინ ისინი ფართომასშტაბიან აქციას დაგეგმავენ თბილისში.

„თბილისში იქნება აუღებელი აქცია. ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვიდრე საბოლოოდ არ გადავტეხთ მათ წელში და არ დავავალდებულებთ, რომ იგრძნონ თავი დაქირავებულ ხელისუფლებად, მანამდე არ დავიშლებით“, – თქვა მან.

გოლეთიანის თქმით, ქუთაისის ცენტრალური მოედანი მთელი ღამის განმავლობაში პიკეტირებული იქნება.


11 აპრილიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან იყვნენ შეკრებილები. მოითხოვდნენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ, დღეს, 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებს. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.

გუმათჰესთან დღეს გამართული აქციის შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისში გადაინაცვლეს.