დღევანდელი ტენდენციები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას - გახარია შეზღუდვების მოხსნის დაჩქარებაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, როცა ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, შესაძლებელია „ფრთხილად და გონივრულად ეკონომიკის გახსნა“. მისივე თქმით, დღევანდელი ტენდენციები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას.

„ამიტომ ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა – თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ, ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში – საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს საშუალება, საკლასო ოთახებში დაიწყონ სწავლა.

რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამაქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ეტაპობრივად, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის მიღწევა ეპიდემიის მართვის, რაც დღეს გვაქვს, ბოლო 2 თვის განმავლობაში ერთობლივი მუშაობის შედეგად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ  სანამ ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას“, – განაცხადა გახარიამ.