დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ და მოითხოვენ გლუკოზის დონის განმსაზღვრელი აპარატების შეძენას

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები სისხლში გლუკოზის დონის დასადგენი სპეციალური სენსორული აპარატების შეძენის მოთხოვნით აქციას მართავენ.

როგორც აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მშობელი, გიორგი მამგუაშვილი „ფორმულასთან“ აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროს 1300 ბავშვისთვის უნდა შეეძინა სისხლში გლუკოზის დონის გასაზომი CGM (გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის) აპარატები და იანვარში უნდა გადაეცათ ისინი ბავშვებისთვის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია.

გიორგი მამგუაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გულგრილად მოეკიდა საკითხს.

„აქამდე არ უნდა მოსულიყო ეს პრობლემა. გამოყოფილია ბიუჯეტიდან თანხა, 1300 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვი ოფიციალურად დარეგისტრირებულია და მათ იანვრიდან უნდა გადმოსცემოდათ აპარატები. ამ წუთამდე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამაზეა საუბარი, ამ გულგრულობაზე. ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო იანვრამდე, იანვარში კი უკვე ბავშვებისთვის უნდა გადაეცათ ეს აპარატები. ეს აპარატები იმისთვის არის, რომ ბავშვებს შეუმსუბუქდეთ ყოფა.

როგორც ვიცი, 6 მილიონ ლარზეა საუბარი. რა გახდა ეს თანხა სახელმწიფოსთვის, რომ აქამდე ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა. ჩემს შვილს 3 წლიდან მოყოლებული აქვს დიაბეტი, ახლა არის 8 წლის. ღამე უნდა გავაღვიძო, ვუჩხვლიტო თითზე, რომ გავუსინჯო შაქარი. დღეში ვჩხვლეტ ერთი 10ჯერ მაინც. ამ ჩხვლეტის მერე კიდევ წამალი უნდა გავუკეთო და მეორე ნემსი უნდა ვუჩხვლიტო. წარმოიდგინეთ, ბავშვი როგორ წვალებაშია“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

გიორგი მამგუაშვილის განცხადებით, სენსორული აპარატი მკლავზე მაგრდება და 2 კვირის განმავლობაში ზომავს სისხლში გლუკოზის დონეს და პროცესის მიმდინარეობას, მისი თქმით, აპარატის დახმარებით ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის დონის დასადგენად ჩხვლეტა აღარ იქნება საჭირო.