I ტიპის დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლები ამბობენ, რომ აფთიაქებში ვეღარ იღებენ წამალს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის.
„პუბლიკა“ ერთ-ერთ მშობელს, ნათია მამალაძეს ესაუბრა. მისი თქმით, აფთიაქებში აღარ იშოვება ინსულინი „ნოვორაპიდი”, რომლის 3-თვიან მარაგს ივნისამდე წინასწარ იღებდნენ დიაბეტის მართვის პროგრამით მოსარგებლე ბავშვები, ივნისიდან კი, დეფიციტის გამო მხოლოდ თითო თვის მარაგი გაიცემოდა.
ბოლო დღეებში კი, აფთიაქებში მისულ მშობლებს უთხრეს, რომ „ნოვორაპიდი“ მარაგში საერთოდ აღარ აქვთ. ნათიამ მუმლაძის თქმით, ამის შემდეგ მშობელს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მარაგის არქონის გამო უნდა გადავიდნენ „აპიდრაზე”, რომელიც „ნოვორაპიდის” ანალოგია. თუმცა ნათია მუმლაძის თქმით, მასზე გადასვლა მარტივი არ არის.
„გუშინ უკვე აღმოჩნდა, რომ ინსულინის ასაღებად მისულ რამდენიმე მშობელს აფთიაქში (თბილისის მასშტაბით) უთხრეს, რომ ინსულინის მარაგი საერთოდ აღარ ჰქონდა. ამის გამო ატყდა პანიკა, სრულიად ლოგიკური და საფუძვლიანია, რადგან ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების ინსულინის გარეშე დატოვება, ჯანმრთელობაზე აღარ ვსაუბრობ, სიცოცხლის რისკი დგას ამ დროს, რადგან უკონტროლო გლუკოზამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიო.
ატყდა პანიკა და გუშინ დაიწყეს ჯანდაცვის სამინისტროდან რეკვა კონკრეტულ მშობლებთან, რომ ინსულინის დეფიციტია და გადადით „აპიდრაზე”. ეს „ნოვორაპინის“ ანალოგია, თუმცა მასზე გადასვლა ასეთი მარტივი არ არის, ეს არ არის ანალგინი, რომ ბავშვს დღეს ერთი დაალევინო და ხვალ მეორე.
ინსულინის ცვლილებას სჭირდება სტაციონარში დაწვენა, დოზების შერჩევა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღე ყოფნა. წამალი ძალიან ინდივიდუალურია თითოეული ბავშვისთვის. კონკრეტულად თუ ვინმეს სჭირდება 0.5-იანი დოზა, შეიძლება ამავე ასაკის, ამავე წონის ბავშვს ორი ერთეულის გაკეთება სჭირდებოდეს. ეს ძალიან ინდივიდუალურია და რჩევის დონეზე ვერ გადაწყდება.
ინსულინი ნოვორაპინი 6-წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება. აპიდრა თვითონ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ბავშვებში, იმიტომ, რომ კორექციას როცა ვაკეთებთ და ბავშვებს ინსულინს ვუმატებთ კვების შემდეგ, ნოვორაპინს აქვს 0.5 ბიჯი აქვს, ანუ მინიმალური დოზა, ხოლო აპიდრას 0.5 ბიჯი არ აქვს, მხოლოდ 1-ბიჯიანი დანაყოფი აქვს. შესაბამისად, ასაკით და წონით პატარა ბავშვები ვერ იყენებენ 0.5 დოზას, ანუ ნახევარს. 1-მილიგრამიან აპიდრას ვერ გამოიყენებ.
ნოვორაპინი როდის შემოვა არ იციან, არ აქვთ პასუხი. საერთოდ მომწოდებელი გვიგზავნის კიდევ? გვექნება? შეფერხებაა, საერთოდ აღარ მოგვაწვდის, თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით ერთი ან ორი თვის შემდეგ, ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გვეუბნებიან.
დიაბეტის პროგრამით დაახლოებით ყოველწლიურად 1500 ბავშვამდე სარგებლობს. თუმცა კონკრეტულად ნოვორაპინს რამდენ იყენებს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით 50%, თუ არა 40% მაინც ხმარობს ამას“, – ამბობს ნათია მუმლაძე.
დიაბეტის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის კომენტარს IPN ავრცელებს.
მისი თქმით, დიაბეტის მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილია „სანოფი – ავენტისის“ წარმოებული ინსულინის საშუალებებით, ხოლო კომპანია „ნოვო ნორდისკმა“ დაარღვია ხელშეკრულება და
„დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი გასცა“. „ნოვო ნორდისკი”, დანიური კომპანიაა. წელს, 14 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან. სამწუხაროდ, კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. არსებობს შესრულების პრობლემები, განვიხილავდით მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა შესაძლო ვერსიას, თუმცა, დღემდე ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს!
ჩავთვალეთ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მენეჯმენტის დაბალი რგოლის მიზეზით გამოწვეული პრობლემა, რომელიც ზოგჯერ „ოზემპიკის“ რეალიზაციით უფროა დაინტერესებული. ამის გამო გვქონდა შეხვედრა კომპანიის მაღალ ხელმძღვანელობასთან. გავემგზავრე და შევხვდით მათ ოქტომბერში. ჯერ ოქტომბერში დაგვპირდნენ, უახლოეს მომავალში, ნოემბრის დასაწყისში მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, დღესაც იწერებიან და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მოწოდება. დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება შესრულებული არ არის.
ვითვალისწინებთ მათი მხრიდან I ტიპის დიაბეტის მქონე პირთა მშობელთან კეთილგანწყობას და ვცდილობთ, არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მშობლები ცალსახად ინფორმირებული არიან, იმის ჩათვლით, რომ „სანოფის“ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება; რომ მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზადაა ჩაერთოს მართვაში. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე. ამის მიუხედავად, ზოგი ამბობს, რომ ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება!“, – აღნიშნა სარჯველაძემ.