უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს უპასუხა, რომელმაც სამარშუტო მძღოლების პრობლემებსა და ხელფასზე ისაუბრა.
მაია ბითაძემ გიორგი ვაშაძეს მიმართა, რომ ის ვერ გააკეთებდა ისეთ „საგმირო საქმეებს“, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ შეძლო.
„ბატონო გიორგი მოგწონდათ ის ქაოსი, რაც სულ აქვე ავლაბარში იყო, როცა სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი ერთად იყო, ყველაფერი ყვითელი იყო და ყველაფერი ბოლავდა?
როდესაც „ნოუ ჰაუზე“ საუბრობთ და ტყუილს ამბობთ სამარშუტო ტაქსების მძღოლების ხელფასებზე, ძალიან გთხოვთ, გაიხსენოთ ის, რომ ისინი ახალ სამარშუტო ტაქსებზე გადასხდნენ, სადაც კონდიციონერია, სადაც მგზავრობა არის ადეკვატური. მგზავრებისთვის საათ-ნახევარი არის უფასო მგზავრობა ავტობუსში, სამარშუტო ტაქსიში და მეტროშიც და ეს ინტეგრირებული მართვის სისტემა ჩამოყალიბდა.
როდესაც კახი კალაძეზე საუბრობთ, დიახ, საგმირო საქმეები გააკეთა. ასეთი მერი არ ჰყოლია თბილისს, რომელმაც მძიმე ნაბიჯები გადადგა, არაპოპულარული. მერწმუნეთ, ვერ გაბედავდით თქვენ ვერც ტაქსების რეფორმას და ვერც ბასლაინების დახაზვას თბილისში“, – მიმართა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ გიორგი ვაშაძეს.