დიახ, სოციალური დისტანცირების შემდეგ ტესტირება და ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება მთავარია - გამყრელიძე

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ გაფართოებული ტესტირების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად სოციალური დისტანცირების შემდეგ მნიშვნელოვანია აქტიური ტესტირება და შემთხვევების ადრეული გამოვლენა.

მისი თქმით, დღეს კორონავირუსზე ტესტირება PCR ტექნოლოგიით 5 ლაბორატორიაში ტარდება და უახლოეს მომავალში ლაბორატორიების რიცხვი 15-მდე გაიზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტესტების მარაგი კეთდება და სწრაფი ტესტების [ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული] შევსების განრიგიც ცნობილია.

„ხშირად შემოდის კითხვები ისევ და ისევ, ე.წ. აგრესიული და მასიური ტესტირების შესახებ. დიახ, სოციალური დისტანცირების შემდეგ ტესტირება და აქტიური ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება ერთ-ერთი მთავარია კოვიდ 19 ბრძოლაში. ყველა ქვეყანა, ვინც დღეს ამას ახორციელებს და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კორეაა და დღეს ალბათ გერმანიაც, სადაც  80-90% ამ ტესტირების ხორციელდება PCR-ზე დაყრდნობით, რასაც საქართველო მისდევდა თავიდანვე. დღეს ალგორითმი შეცვლილია და საჭიროა ანტიგენზე დამყარებული და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რის გარკვეული რაოდენობაც არსებობს და რისი მარაგებიც ქვეყანაში ივსება”,  – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ გაფართოვდეს PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტესტირება.

„დღეს მივიღეთ დავალება პრემიერისგან და ხვალ იქნება წარდგენილი მოსაზრება საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ უფრო მეტი ამ ოქროს სტანდარტის ტესტებზე. ანუ როდის შეგვეძლება ჩვენ ყოველდღიურად 800-1000-მდე ტესტზე და შემდეგ 1200-1500-მდე ტესტზე ასვლა. დღეს 5 ლაბორატორია აწარმოებს PCR ტესტირებას და უკვე შეფასებულია სიმძლავრეები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ლაბორატორიების, რომ ჩვენ თანდათანობით ავიდეთ 15 ლაბორატორიაზე. ტესტების მარაგი  ამ ეტაპზე იმ სიმძლავრეებისთვის, რომლებსაც 5 ლაბორატორია მოიხმარს, საკმარისია და ხვალ, ზეგ, მაზეგ და ეს განრიგი გვაქვს. შეივსება ტესტების რაოდენობა. რათა ტესტირება, რაც შეიძლება მასობრივად და გაფართოებულად იყოს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ამ დრომდე ალგორითმის მიხედვით, ვისაც ეკუთვნით ტესტირება არცერთ შემთხვევაში უარი არ თქმულა, მაგრამ, როცა ვსაუბრობთ გაფართოებულ ტესიტრებაზე, აქ გვჭირდება მეტი ლაბორატორიული სიმძლავრე PCR-თან მიმართებაში.

მისი თქმით, COVID 19-ის სამკურნალო 14 კლინიკა იდენტიფიცირებულია და ასევე 17 ცხელების კლინიკა, სადაც ყველა ცხელებიანი ადამიანი მიდის. მისი თქმით, ამ კლინიკებს 5 ლაბორატორია ემსახურება და უახლოეს ერთ კვირაში 15-მდე გაიზრდება ლაბორატორიების რიცხვი.

„ერთ კვირაში 15 ლაბორატორიაზე იქნებიან მიბმული და 24 საათის განმავლობაში ჩატარდება პჯრ ტესტირება და პაციენტები გადამისამართდებიან პასუხის შესაბამისად ან კოვიდის სამკურნალო დაწესებულებაში, ან სხვა დაწესებულებაში. ეს ტრიაჟის მექანიზმი ქვეყანაში უკვე მუშაობს, როგორც პირველადი ჯანდაცვის საკონსულტაციო მექანიზმი“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.