დიახ, თანამდებობაზე ვრჩები, საზოგადოებისგან ვიგრძენი უპირობო მხარდაჭერა - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე რჩება. მისივე თქმით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო.

„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.


4 მაისს თენგიზ ცერცვაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობდა, რადგან გულნატკენი და შეურაცხყოფილია საზოგადოების ნაწილის მხრიდან ცილისწამების გამო.