დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა ადამიანმა გაიკეთა

პუბლიკა

ბრიტანელი 90 წლის ქალი გახდა პირველი ადამიანი, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს. BBC-ის ინფორმაციით, მარგარეტ კიენანმა, რომელიც შემდეგ კვირას 91 წლის ხდება, თქვა, რომ ეს იყო „დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი“.

ეს პირველი Pfizer/BioNTech ვაქცინაა იმ 800 000 დოზიდან, რომელიც უახლოეს კვირებში მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყება და მთელ ბრიტანეთს მოიცავს. BBC-ის ცნობით, თვის ბოლომდე ოთხი მილიონი მოქალაქე გაიკეთებს ვაქცინას. ვაქცინაცია არ არის და არც იქნება სავალდებულო.

ვაქცინას თავდაპირველად 80 წელს გადაცილებულ პირებს გაუკეთებენ. ასევე აიცრებიან ექიმები და ზოგიერთი სამედიცინო პერსონალიც – როგორც ვაქცინაციის პროგრამის ავტორები ამბობენ, პროგრამის მიზანია დაიცვას ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა BBC- სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პირველი შემთხვევა საკმაოდ აღმაფრთოვანებელია.

BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც დაიწყო Pfizer ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა ორგანოებმა ერთი კვირის წინ დაამტკიცეს მისი გამოყენების უსაფრთხოება.