დიდ ბრიტანეთში Pfizer-ის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცეს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა დასავლეთში, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას ფართოდ გამოიყენებს და პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-სა და BioNtech-ის ვაქცინაზე ლიცენზია გასცა.

როგორც BBC წერს, ქვეყნის მარეგულირებელმა უწყებამ განაცხადა, რომ ვაქცინა, რომელსაც მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით 95%-იანი ეფექტურობა აქვს, ფართო მოხმარებისთვის უსაფრთხოა.

დიდ ბრიტანეთს მწარმოებლებისთვის უკვე შეკვეთილი აქვს 20 მილიონი ადამიანის სამყოფი დოზა და მაღალი რისკის ჯგუფებში ვაქცინაცია რამდენიმე დღეში დაიწყება.

დიდ ბრიტანეთში დამტკიცების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა გახდა ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა ისტორიაში, მწარმოებელმა კომპანიებმა ყველა ეტაპის გავლა 10 თვეში შეძლეს, მაშინ როცა, გასულ წლებში ვაქცინაზე, როგორც წესი, წლები მუშაობდნენ.

ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, როგორც BBC წერს, ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა მოსახლეობამ გააგრძელოს კორონავირუსისთვის შემოღებული წესების დაცვა, მათ შორის, სოციალური დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირება და ინფიცირების დროს იზოლაცია.