დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, მოსახლეობის ნახევარი COVID-19-ით ინფიცირებული იყოს - ოქსფორდის კვლევა

პუბლიკა

Financial Times-ის ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე მეცნიერებმა ეს თავდაპირველად გამოითვალეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა  მოდელირების მიხედვით, შესაძლოა, ვირუსით დიდი ბრიტანეთის პოპულაციის ნახევარი იყოს ინფიცირებული.

კვლევის ხელმძღვანელი, თეორიული ეპიდემიის პროფესორი სუნეტრა გუპტა ამბობს, რომ თუ კვლევის შედეგი დადასტურდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 100-დან ერთს ან უფრო ნაკლებს დასჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა. უმრავლეს შემთხვევაში ვირუსის სიმპტომები ან ძალიან მსუბუქია, ან საერთოდ არ ვლინდება.

„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური მიმოხილვა – ანტისხეულების ტესტირება – რათა შევაფასოთ, ეპიდემიის რა ეტაპზე ვართ“, – ამბობს გუპტა.

ოქსფორდის ინფექციური დაავადებების ევოლუციური ეკოლოგიის ჯგუფი მიუთითებს, რომ Covid-19-მა დიდ ბრიტანეთამდე იანვრის შუა რიცხვებში მიაღწია. როგორც ბევრი ინფექცია, ის უხილავად ვრცელდებოდა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე პირველი გადაცემა დიდ ბრიტანეთში თებერვლის ბოლოს ოფიციალურად არ დადასტურდა.

ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მოდელირებამ დიდი გავლენა მოახდინა მთავრობის პოლიტიკაზე, თუმცა ამ მოდელირებისგან ოქსფორდის კვლევა ეპიდემიის ძალიან განსხვავებულ ხედვას წარმოადგენს. „გაოცებული ვარ, რომ ასე უპირობოდ აღიარეს იმპერიალის მოდელირება“, – ამბობს პროფესორი გუპტა. თუმცა მას უჭირს მთავრობის გადაწყვეტილების გაკრიტიკება, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა, რადგან კვლევის სიზუსტე ჯერ არ დადასტურებულა და სოციალური დისტანცია შეამცირებს გავრცელების რაოდენობას.

მოდელირება ყურადღებას კვლავ ამახვილებს „ჯოგურ იმუნიტეტზე“ – იდეა, რომლის მიხედვითაც ვირუსის გავრცელება შეწყდება, როდესაც საკმარისი რაოდენობის ადამიანი ხდება რეზისტენტული მის მიმართ, რადგან ისინი მანამდე დაინფიცირებულნი იქნებოდნენ. მთავრობამ უარი თქვა „ჯოგური იმუნიტეტის“ სტრატეგიის შესრულებაზე (რაც ინფექციის კონტროლირებადი გავრცელების დაშვებას გულისხმობდა) მას შემდეგ, რაც სამეცნიერო მრჩევლებმა უთხრეს, რომ ეს მეთოდი ჯანდაცვის სერვისს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებით გადატვირთავდა.

თუმცა, როგორც Financial Times წერს, ოქსფორდის შედეგები, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ქვეყანამ უკვე შეიძინა „ჯოგური იმუნიტეტი“ კორონავირუსის შეუმჩნეველი 2-თვიანი გავრცელებით. თუ კვლევის მიგნებები ტესტირებით დადასტურდა, მაშინ დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები გაცილებით მალე გაუქმდება.

თუმცა სპეციალისტთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის იმუნური სისტემის ძალასა და ხანგრძლივობას ვირუსის წინააღმდეგ. პროფესორი გუპტა კი ამტკიცებს, რომ ახლადგამოვლენილმა მტკიცებულებებმა მას თავდაჯერება შესძინა, რომ კაცობრიობა კორონავირუსის წინააღმდეგ „ჯოგურ იმუნიტეტს“ გამოიმუშავებს.

საჭირო მტკიცებულებების წარმოსადგენად ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფი კემბრიჯისა და კენტის უნივერსიტეტების კოლეგებთან ერთად ბრიტანეთის პოპულაციაზე ანტისხეულის შემოწმებას დაიწყებენ „ნეიტრალიზაციის ანალიზით, რომელიც იმუნიტეტის შესახებ სანდო მონაცემებს იძლევა“. პროფესორი გუპტა იმედს გამოთქვამს, რომ ტესტირებას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ და პირველად შედეგებს რამდენიმე დღეში მოიპოვებენ.