დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს და პარკის მოწყობას მოითხოვს, დღეს დაპირისპირება იყო.
მცხოვრებლების უკმაყოფილება ადგილზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანას მოჰყვა. სამშენებლო მანქანების მუშაობას სამართალდამცველები იცავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს.
ამის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების სამზადისი შეჩერდა და ადგილობრივებმა მოლაპარაკების შეთავაზება მიიღეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მერიის მხარდაჭერით, დახურული სტადიონის აშენებას გეგმავს.
მოსახლეობის აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა, გრძელდება, იმ ფონზე, რომ მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე პარკის აშენებას წლებია, მოითხოვს. 28 ნოემბერს ადგილობრივებმა ტერიტორიაზე ჯვარიც აღმართეს და განმარტეს: „ნიშნად ჩვენი ერთობისა და იმისა, რომ ამ ადგილს დაერქმევა „წმინდა ასიათასი მოწამის სახელობის პარკი“.
მოსახლეობა აცხადებს, რომ აქტიური მშენებლობების გამო, დასახლებაში პარკები შემცირდა და ამ ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობას მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ მერიას საჩივრითაც მიმართეს.
ისინი მოითხოვენ, რომ სტადიონისთვის მოიძებნოს ალტერნატიული სივრცე, ხოლო ეს ტერიტორია მოწესრიგდეს და საზოგადოებას შეუნარჩუნდეს რეკრეაციული სივრცე. მათივე თქმით, თუ მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს პარკის მოწესრიგებას, მაშინ ტერიტორია გადაეცეს ადგილობრივებს და ისინი გაუწევენ ამას ორგანიზებას.
„დიდი დიღმის მწვანე სივრცის დასაცავად“ – საინიციატივო ჯგუფს სოციალურ ქსელში აქტიური გვერდი აქვს შექმნილი, რომელზეც პროტესტის შესახებ სიახლეებს აზიარებს.