საქართველოს პრეზიდენტი პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საპარლამენტო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილის თქმით, ის ამაყია, რომ საქართველომ 100 წლის წინ მიიღო კონსტიტუცია, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ პერიოდში და ამაყობს, რომ არის იმ ემიგრაციის ნაწილი, რომელიც ამ კონსტიტუციის პრინციპებით ცხოვრობდა.
ასევე, ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა პოლარიზაციით, დაპირისპირებით დიდი დრო დაკარგა, მაშინ როცა, განვითარების პერსპექტივა მხოლოდ ერთიანობაშია.
„დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია.
ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ სამართლის ტრადიციებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული სამართლის ისტორიული ადათ-წესებით. ეს ტრადიცია ქმნის ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განსაკუთრებულობას. ეს ტრადიცია გრძელდება დღემდე.
მინდა, გამოვხატო პატივისცემა ყველა კონსტიტუციონალისტის მიმართ. მათ მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი 1995 წლის კონსტიტუციის შექმნასა და შემდგომ მასში შეტანილი ყველა ცვლილების ჩამოყალიბებაში.
შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ კონსტიტუციის ბოლო რედაქციით, ეს ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით.
აწესებს მთელ რიგ ახალ უფლებებს სოციალურს, საზოგადოებრივს, ეკოლოგიურს თუ ჯანდაცვის დარგში. რითაც წამყვანი კონსტიტუციების რიგებში ეწერება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა
ზურაბიშვილის თქმით, კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა სახელმწიფოს რღვევაა. ეს გამოიხატა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გზით ჩამოშორებაში და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ამის მცდელობა გრძელდება დღემდე.