დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი კვლავ დისტანციურ ფორმატში განახლდება

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ  სასწავლო პროცესს, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

მათივე ცნობით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებისას გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესრულების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება.