ამნისტიის კანონპროექტის ავტორისა და ინიციატორის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არის მოსაზრებები, რომ პროექტი ასევე უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ითვალისწინებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მოსმენისთვის ეს გადაწყვეტილება მიიღება, დიდი ალბათობით პარლამენტს მოუწევს, ამ მუხლზე სასჯელის ნაწილობრივ შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღოს და არა მისგან სრულად გათავისუფლება. ამის შესახებ მან დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„სსკ 260-ე მუხლთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ ეს არის ნარკოდანაშაულის ერთ-ერთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში. მოგეხსენათ, რომ პროექტში რამდენიმე ნაწილია გათვალისწინებული – 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილზე გვქონდა [ამნისტია] გათვალისწინებული თავდაპირველ რედაქციაში. თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებაც – მაგალითად, მე-3 ნაწილთან დაკავშირებით და აქ, ამ დარბაზშიც არიან ადამიანები, რომლებიც ასე ხელაღებით ამას შეიძლება, ასე პირდაპირ არ ეთანხმებოდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას ამ მიმართულებით, თუ როგორ იქნება ყველაზე მეტად დაბალანსებული.
არის მოსაზრება ამნისტიის მე-6 ნაწილზე გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ვერ იქნება სრულად გავრცელება – ასეთია ჩვენი წინასწარი ვარაუდი და შეხედულება. უფრო დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს ნაწილობრივ შემსუბუქება სასჯელის, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილთან დაკავშირებით. თუკი მოვახერხებთ და შესაბამისად, საბოლოო შეჯერებულ ვერსიაში ეს გვექნება, უფრო დიდი ალბათობით და უფრო ჩამოყალიბებული ვართ ამ მიმართულებაზე, რომ ეს იქნება კანონში. მე-2 მოსმენისთვის ამისთვის მზადყოფნა გვექნება, თუმცა ეს სრულ გათავისუფლებას, ალბათ, ვერ გაითვალისწინებს. ეს მომენტი აუცილებლად მხედველობაში იქნება მისაღები”, – განაცხადა სარჯველაძემ.
შემოთავაზებული პროექტით, ამნისტია 260-ე მუხლის მხოლოდ პირველ, მეორე და მესამე ნაწილებზე უნდა გავრცელდეს. პროექტი არ ვრცელდება გასაღების მუხლებზე, თუმცა კანონპროექტს მიღმა რჩება ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობის მუხლი – 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი.
კანონპროექტის სწორედ ეს მიდგომა არის კრიტიკის მთავარი საფუძველი. EMC-ის იურისტის გურამ იმნაძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სამართლიანად არაა განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. განსაკუთრებით დიდ ოდენობად შეიძლება დაკვალიფიცირდეს ისეთი ოდენობა, რომელსაც პირი შეიძლება პირადი მოხმარების მიზნით ფლობდეს.
„ვიცით, რომ დღემდე ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები ისევ არ არის სამართლიანად გაწერილი. ძალიან ბევრ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ამიტომაც, მაგალითად, რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში 1 გრამზე მეტის ფლობა შეიძლება დაკვალიფიცირდეს განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
აქ გასააზრებელია ის, რომ მიჯნა დიდ ოდენობასა და განსაკუთრებით დიდ ოდენობას შორის შეიძლება ძალიან პირობითი იყოს და ამიტომაც, ასეთი ხისტი ზღვარის გავლება, რომ ამნისტიის კანონპროექტი ვრცელდებოდეს დიდ ოდენობაზე და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე არავითარ ჩანაწერს არ შეიცავდეს, არ იქნება სამართლიანი. მით უმეტეს, უსამართლო, მკაცრი საპატიმრო სასჯელები, როგორც წესი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ინიშნება ხოლმე, იმიტომ, რომ სასჯელის მინიმალური ზღვარი ძალიან მაღალია ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.
ამიტომ, ასეთი მოცემულობა როდესაც არის კანონმდებლობაში, აუცილებელია, რომ რაღაც ფორმით ამ ქმედებებზეც გავრცელდეს ამნისტიის კანონპროექტი. შესაძლოა, სრულად არ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან ამ ქმედებისთვის მსჯავრდებული ადამიანები, მაგრამ მაგალითად, გაუქარწყლდეთ საპატიმრო სასჯელი“, – ამბობს იმნაძე.