დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. თურნავა აცხადებს, რომ საზღვრების საბოლოოდ გახსნა დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ასევე, საქართველო ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან მიმართებით ევროკავშირი.

„რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა, საკმაოდ რეგულარული ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ჩვენ ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავა ამბობს, რომ ივლისში „ფრთხილად მოეკიდებიან“ საერთაშორისო ვიზიტორებს. მინისტრის განცხადებით, ბიზნესვიზიტორებისა და სტუდენტებისთვის ცალკე წესები შემუშავდა, იქნება უფრო გამარტივებული შემოსვლა და ამ წესებს მალე გაასაჯაროებენ. თურნავა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ მხოლოდ წევრ სახელმწიფოებს გაუხსნა საზღვარი, უახლოეს დღეებში კი არაწევრი სახელმწიფოების მიმართ მიიღებს გადაწყვეტილებას.