„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ეს იქნება მიღებული სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილების“, – აღნიშნა ზალკანიანმა.
დავით ზალკანიანის განცხადებით, „დღეს, მაქსიმუმ ხვალ“ უნდა იყოს ბრიუსელში მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ იქნება უბრალოდ მხოლოდ საზღვრების გახსნა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეგულაციები – რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს.