აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიმართა.
„ერთი დარდი გვაქვს, ერთი სატკივარი და ერთ მიზანი – თავისუფალ, წესიერ, ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ. საკუთარ თავთან, ნამუსთან, შვილებთან და მათ მომავალთან გვინდა ვიყოთ მართლები. გვინდა, რომ აბუჩად ვერავინ გვიგდებდეს.
ისტორია მხოლოდ თარიღები არ არის. პროცესების გააზრებაა მნიშვნელოვანი, დავაკვირდეთ ჩვენს ისტორიას – როდის და სად ვმარცხდებოდით. რატომაა რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღარ ვართ, და შუაგულ ქართლშია ღობე შემოვლებული. იმიტომ, რომ ხშირად ერთმანეთის ქიშპი გვერჩივნა ქართველებს. არაგვის ერთისთავებს ერჩივნათ სპარსეთის ჯართან ერთად ქსნის საერისთავოში ელაშქრათ, მერე ქსნის საერისთავო გადაწვავდა სპარსელებთან ერთად ანანურს, იმიტომ, რომ ვერ იტანდნენ ერთმანეთს.
ეს დღეებია ისმის – ამასთან ნუ დადგები, იმას გამარჯობა არ უთხრა, ამას არ მიესალმო… დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხის წინაშე უნდა გადავდოთ ყველამ გვერდზე ეს ყველაფერი. და ერთხელ და სამუდამოდ, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს და მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ!
ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ჩვენ სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ. დიდი ბრძოლა გველის, დიდი ჯანჯღარი, მაგრამ მგონი მზად ვართ, ხომ ასეა?
აქ არიან პოლიციელები, აქ არიან გადაცმული სუს-ის აგენტები, ჩვენ მათი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით”, – მიმართა აქციის მონაწილეებს ალეკო ელისაშვილმა.
________________________
31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.
მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.