დიდი ბრიტანეთი „სბერბანკს“ აქტივებს გაუყინავს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი რუსეთისთვის ახალ სანქციებს აწესებს და მის უმხვილეს ბანკს „სბერბანკს“ აქტივებს გაუყინავს. ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა მდივნის ლიზ ტრასის თქმით, ისინი წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობისა და ქვანახშირის შეძენას.

ასევე, დიდი ბრიტანეთი შეწყვეტს რუსეთში ნავთობწარმოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი აღჭურვილობის ექსპორტს, ხოლო რუსეთისგან შეაჩერებს რკინისა და ფოლადის იმპორტს.

სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა კიდევ რვა ოლიგარქი და რუსული ელიტის წარმომადგენლები. რომელთა შორის არიან პუტინთან დაახლოებული პირები. დიდი ბრიტანეთი კი სანქციას დააწესებს რუსეთში ახალ ინვესტიციებზე, რამაც 2020 წელს 11 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

ახალ სანქციებს დიდ ბრიტანეთთან ერთად აწესებს აშშ და ევროაკავშირიც. აშშ-ის

სანქციების ახალი პაკეტით სრულად შემზღუდავი სანქცია დაუწესდება რუსეთის მთავარ საფინანსო ინსტიტუტს „სბერბანკს“ და ყველაზე დიდ კერძო ბანკს „ალფა ბანკს“.

ვაშინგტონის სანქციები ასევე შეეხება რუსეთში ახალ ინვესტიციებს, რომელსაც თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირთან კოორდინაციით აწესებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციების ახალი ტალღა შეეხო რუსული ელიტის ოჯახებსაც. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პუტინის ქალიშვილები მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა, ასევე სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მედვედევის ჩათვლით.