დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას“.
„გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია.
შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა იმ საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის.