დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი გირვანქის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით 1 მილიარდი გირვანქით დაეხმარება, რაც მის აქამდე გაწეულ სამხედრო დახმარებას თითქმის გააორმაგებს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას აქამდე  სამხედრო მიზნებისთვის 1.3 მილიარდი ფუნტით დაეხმარა, და 1.5 მილიარდის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანული დახმარება უკრაინის თავდაცვას გარდაქმნის. ახალი დახმარების შესახებ ბორის ჯონსონმა NATO-ს სამიტზე ზელენსკის გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომი ყოველთვიურად 5 მილიარდ დოლარამდე უჯდება.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი სამხედრო დახმარება მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ელექტრონული ბრძოლის შეიარაღებას და მრავალ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან იარაღსა და აღჭურვილობას მოიცავს.