დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიას გაუგზავნის. ამის შესახებ კოპენჰაგენში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა განაცხადა, სადაც დანიისა და დიდი ბრიტანეთის მასპინძლობით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მიზნით ჩრდილოეთ ევროპის მოკავშირეთა კონფერენცია მიმდინარეობს.
ბენ უოლასის თქმით, უკრაინელებმა წარმატებით აითვისეს ბრიტანეთის მიერ უკვე გადაცემული ეს სარაკეტო სისტემები და მაქსიმალური ეფექტიანობით აზიანებენ მოწინააღმდეგის პოზიციებს. ამასთან უკრაინელმა სამხედროებმა M270 სისტემების ასათვისებლად წვრთნები გაიარეს დიდ ბრიტანეთში და დამატებით სარაკეტო სისტემების გამოყენებასაც შეძლებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 3 ცალ M270 ტიპის სარაკეტო სისტემას გაუგზავნის.
ასევე, ბენ უოლასის თქმით, სარაკეტო სისტემებთან ერთად უკრაინას 80 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების მნიშვნელოვან რაოდენობასაც მიაწვდიან.
დიდი ბრიტანეთის გარდა, კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას 110 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
უკრაინელი სამხედროების წვრთნებში კი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა წამოიწყო, ჩართვისთვის მზაობა გამოთქვა კანადამ, ფინეთმა, შვედეთმა, დანიამ და ნიდერლანდებმა.