დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა ჩავარდა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა ჩავარდა. ჯონსონი თანამდებობას შეინარჩუნებს და უნდობლობის გამოცხადებისთვის კენჭისყრა მომდევნო ერთი წელი ვერ ჩატარდება.

ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას 148 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 211 კი წინააღმდეგი იყო.

უნდობლობის პროცესის წამოასაწყებად თემთა პალატის 54 წევრის ხმა იყო საჭირო. კენჭიყრაში გამარჯვებისთვის კი, რომელიც კონსერვატორ წევრებს შორის ჩატარდა, ჯონსონს უბრალო უმრავლესობა ჰყოფნიდა.

ბრიტანეთში Partygate-ის სახელით ცნობილი სკანდალი კორონავირუსის პანდემიის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის წვეულებებში მონაწილეობის გამო აგორდა.

ყველაზე დიდი გამოხმაურება 2021 წლის 16 აპრილს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულმა წვეულებამ გამოიწვია. იმ დროს პრინცი ფილიპი ახალი გარდაცვლილი იყო და ქვეყანა გლოვობდა, ხოლო დედოფალი ელიზაბეთი ქმრის პანაშვიდს კოვიდრეგულაციების დაცვით მართავდა. ამ დროს, დაუნინგ სტრიტზე, როგორც შემდეგ ცნობილი გახდა, რეგულაციები დაარღვიეს და ორი წვეულება გამართეს.

ჯონსონსა და მისი მთავრობის წევრებს 2020-2021 წლებში სხვა არაერთი წვეულების გამართვაშიც ადანაშაულებენ. ბრიტანული მედია ე.წ. ლოქდაუნის დროს 16-მდე წვეულების შესახებ წერდა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მათი რაოდენობა შეიძლება მეტიც იყოს.

წვეულების მასშტაბი და მასში მონაწილე პირები სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო. Partygate-ის სკანდალს ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოდიშები მოჰყვა. ხოლო ჯონსონმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეკრება, რომელიც მისი რეზიდენციის ბაღში გაიმართა, სამუშაო ღონისძიება იყო და არ უფიქრია, რომ რეგულაციებს არღვევდა, რეგულაციების დარღვევისთვის საზოგადოების აღშფოთების კი ესმის.

Partygate-ის სკანდალის გამო დიდ ბრიტნაეთში კონსერვატორები, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრი ხალხის მხარდაჭერას კარგავენ. ბოლო კვლევებით სულ უფრო მცირდება მმართველი პარტიის რეიტინგი.

ჯონსონს მხარდაჭერა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტმა და თანაპარტიელების ნაწილმა. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ და პრემიერმა სათანადოდ უპასუხეს ბრიტანეთის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევებს – „ბრექსითსა“ და კორონავირუსის პანდემიას. ახლა კი ყველამ ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომს უნდა დაუთმოს და მნიშვნელოვანია, ბორის ჯონსონმა საქმიანობა განაგრძოს.