დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად. ამის შესახებ ის სტარმერი The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

Telegraph-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სტარმერმა ღიად თქვა უკრაინაში ბრიტანელი სამშვიდობოების გაგზავნაზე. მისი მხრიდან ეს განცხადება წინ უსწრებს დღეს პარიზში ევროპელ ლიდერებს შორის დაგეგმილ სამიტს.

სტარმერი აღნიშნავს, რომ მას მარტივად არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები „საფრთხის წინაშე“ დააყენოს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიტანეთს შეუძლია, „უნიკალური როლი“ ითამაშოს, როგორც ხიდი ევროპასა და აშშ-ს შორის უკრაინის სამშვიდობო პროცესში.

„გაერთიანებული სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას – სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე.

მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას და სურვილს, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით და ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებას“, – წერს სტარმერი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, „ეს არ უნდა იქცეს დროებით პაუზად პუტინის ხელახლა თავდასხმამდე“.

დღეს ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება.

სამიტს დაესწრება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც.

ამას წინ უძღოდა 12 თებერვალს დონალდ ტრამპის მიერ სატელეფონო საუბრები როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მან თქვა, რომ პუტინთან შეთანხმდა „მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ” დაწყებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის გარეშე მიღებულ შეთანხმებას არ მიიღებს.