დიდი და საცალო სავაჭრო ქსელები მოქმედ შეზღუდვებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათი მოთხოვნაა მათი საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების კორექტირება, ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ, ისინი მოითხოვენ, რომ გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით. ვინაიდან, დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათი მოთხოვნაა 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.

„ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე, მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში, შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ოპერატიული კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რათა ყველა ჩართულ მხარესთან ერთად განვიხილოთ ზემოთ ნახსენები საკითხი, იმისთვის რომ ერთად გამოვნახოთ შექმნილი კრიზისის მინიმალური დანაკარგებით გადატანის გზები.

ამავდროულად, გვსურს შეხვედრა სახელისუფლებო ბლოკთან და ეპიდემიოლოგებთან, რათა განვიხილოთ რიგი დამატებითი ღონისძიებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ კიდევ უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების ზომებს და განტვირთავენ პიკურ პერიოდებს. მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ღონისძიებების გატარებაზე, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ნაკადების მართვა სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა, რითეილ გრუპ ჯორჯია, ICR Holding, LC Waikiki GE, თრეიდლაინ-დრესაპ, ჯითექსი

მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები  (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

24 დეკემბერი – 2 იანვარი კი წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ცენტრები. 3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში შეზღუდვა კვლავ აღდგება, ხოლო 16 იანვრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა.